საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა გარკვეული პირობებით გახდეს შესაძლებელი.

"NCDC-ის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით საბჭოს, რომ სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ ვაქცინაციის ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთ დაწესებულებაში შესასვლელი ტესტების გაკეთება სახელმწფოს ხარჯზე არ მოხდება. მისი თქმით, სახელმწიფო უფასო ვაქცინას უზრუნველჰყოფს და თუ ვინმეს გაკეთება არ სურს, ტესტის ფული თავადვე გადაიხადოს.

"დღეს 7%-მდე ვართ დახლოებით მოსახლეობის მოცვით, სანამ არ ავცილდებით 10%-ს მანამდე დავუშვებთ ჯერჯერობით, რომ ერთჯერ აცრილი ადამიანიც დაშვებული იყვეს ასეთ დაწესებულებაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, მაშინ მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენ ტესტი. ეს საკითხი ჩვენ დავაყენეთ დღეს, ალბათ, საბჭო ამაზე იმსჯელებს, ჩვენი წინადადება იყო რომ ხალხი მოემზადოს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს 24-საათიანი და 72-საათიანი PCR ან ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, გვინდა ამ დაწესებულებებში სტუმრობა და წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ უკვე და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა შესაბამისი ტესტირებისთვის", — განაცხადა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

გაიგეთ მეტი: