შესაძლოა, თქვენც ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა თანამოსაუბრეს საკუთარი მოსაზრებისა თუ რწმენის ფაქტებისაგან განსხვავება უჭირს და "პირად რეალობას" (შესაძლოა უნებლიედაც კი) სრულ ჭეშმარიტებად წარმოგვიდგენს.

მაშინ, როცა ადამიანის მხრიდან ნებისმიერი მოვლენის აღქმა სუბიექტურად ხორციელდება და ჩვენი დანახული რეალობაც სწორედ მისი მხოლოდ ჩვენეული ანარეკლია, რთულია სუბიექტურისა და ობიექტურის გარჩევა. ამ მოცემულობაში მსგავსი მოვლენები სრულებით ბუნებრივია, საკმაოდ ხშირი და ყოველდღიურობისაგან განუყოფელი, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა რწმენისა თუ მოსაზრების ფაქტად წარმოჩენამ (ვიმეორებ, თუნდაც უნებლიედ) საკუთარი ცოდნის სინამდვილეში ეჭვი შეგვატანინოს და დეზინფორმაციის სერიოზულ ტალღასაც კი დაუდოს საფუძველი.

კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი საკითხი, ყოფითი იქნება ეს თუ მეტად ეგზისტენციალური ხასიათის, დავის საგანი ხდება ხოლმე, სადაც არაერთი ინტერესი და მოთხოვნილება იკვეთება, საკუთარ პოზიციათა დასაბუთების ხერხები კი საკმაოდ არაერთგვაროვანია: ზოგიერთი თვალსაზრისი ფაქტებს ეყრდნობა, ზოგიერთს პიროვნებისათვის მნიშვნელოვანი ელფერი დაჰკრავს, ზოგი მეტად განყენებულ, აბსტრაქტულ ცნებებს იშველიებს, მათი გამიჯვნისათვის კი დრო ხშირად არ გვრჩება (დედამიწა ხომ უწყვეტად ბრუნავს), რამაც შესაძლოა კომუნიკაციისას არაერთი გაუგებრობა და კონფლიქტი წარმოშვას.

ფოტო: Dribble

რა არის ფაქტი?

ცნებაზე მსჯელობისას თავდაპირველად მისი განმარტება დაგვჭირდება.

უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფაქტი ლათინური სიტყვაა (factum) და გაკეთებულს ნიშნავს — ნამდვილი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა ან მოვლენა, ასევე მონაცემი რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად თუ დასკვნის გასაკეთებლად.

თავისთავად, როდესაც რაიმე მოვლენის რეალურობაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად იმასაც მოვიაზრებთ, რომ ობიექტური რეალობა არსებობს, რომელსაც სტანდარტულად, გრძნობათა ორგანოების ფარგლებში ვაფასებთ ხოლმე, მეტნაკლები მსგავსებით. მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო (ფაქტი, რომელზეც ისტორიული ჩანაწერები მეტყველებს), მარიამმა გამოცდაში 10-დან 5 ქულა დააგროვა (ფაქტი, რომელსაც გარკვეული კრიტერიუმებით შეფასებული საგამოცდო ფურცელი დაადასტურებს), წყალი ნულ გრადუსზე იყინება (ექსპერიმენტულად დადასტურებული ფაქტი ზუსტი მეცნიერებიდან, რომელიც შეგვიძლია თავადაც შევამოწმოთ) და ა.შ.

ფაქტის მნიშვნელობას თუ მეტად სამეცნიერო კუთხით შევხედავთ, ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დოქტორ ლონ შიფბაუერზე დაყრდნობით, "ფაქტი განიმარტება, როგორც რაღაც, რასაც დააკვირდნენ, გაზომეს და მეცნიერული მეთოდის გამოყენებით დაადგინეს, რომ სიმართლეა". იგი არ ითვალისწინებს ჩვენს ღირებულებებს და არ ინტერესდება, გამართლებულია თუ არა საკითხი ჩვენთვის — მორალი ფაქტის "კომპეტენციაში" არ შედის. შესაბამისად, ჩვენივე სუბიექტური აღქმისა და შეფასების გარეშე, ფაქტი არაა მორალური ღირებულების მატარებელი: ფაქტი უბრალოდ ფაქტია, ობიექტური მეთოდებით დადასტურებული სიმართლე და კარგი, ცუდი, თუ ბოროტი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ პირადად ჩვენთვის იქნება იგი ასეთი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერული მეთოდი იმ პროცედურათა ერთობლიობას მოიაზრებს, რომელიც ობიექტური ინფორმაციის შეგროვებისა და განმარტებისათვის გამოიყენება, პროცესში კი შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და შედეგის განზოგადებაც შესაძლებელია (გერიგი, ზიმბარდო, "ფსიქოლოგია და ცხოვრება"). აღსანიშნავია, რომ მეცნიერება იმდენადაა მეცნიერება, რამდენადაც მეცნიერულ მეთოდს ეყრდნობა მონაცემების შეგროვებისას, ჩვენ კი მეცნიერებისაგან მიღებული ფაქტების რეალურობას საფუძვლიანად შეგვიძლია ვენდოთ, როცა ჭეშმარიტებაზე გვაქვს ამბიცია (ეს მოსაზრებაა, თუმცა პირადი გრძნობების ნაცვლად გაზომვად ფაქტებზე დამყარებულ მოსაზრებებს მეტი წონა ენიჭება ხოლმე).

ფოტო: Dribble

რა არის მოსაზრება?

გემოვნებაზე არ დავობენო, სწორედ ახლა შეიძლება მოვიყვანოთ, რადგან რაიმეს სილამაზეზე, სიკარგეზე, მოწონებასა თუ არ მოწონებაზე საუბრისას სწორედ მოსაზრებებზე ვსაუბრობთ.

ისევ დოქტორ შიფბაუერს რომ დავესესხოთ, მოსაზრება რაღაცის სუბიექტური შეფასებაა, რომელიც ჩვენ მიერ ფაქტების აღქმას ემყარება. იგი ჩვენი ღირებულებებიდან, გამოცდილებიდან, გემოვნებიდან და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარეობს და, ფაქტისგან განსხვავებით, შეუძლებელია შეფასდეს, როგორც სწორი ან არასწორი.

ამასთანავე, მაშინ, როცა ფაქტი ერთია — მარიამმა გამოცდაში 5/10 შეფასება მიიღო, მოსაზრება ამის შესახებ შესაძლოა ბევრად მეტი და მრავალფეროვანი იყოს: მარიამის მოსაზრებით, ეს ძალიან კარგია, რადგან აქამდე ყოველთვის 3/10 შეფასებას იღებდა; ძალიან ცუდად მიიჩნევს მარიამის დედა, რადგან იგი შვილისგან უკეთეს შეფასებას მოელოდა; ლოგიკურად ეჩვენება მარიამის მასწავლებელს, რადგანაც ტესტი გაამარტივა...

ფოტო: Dribble

თუ მარიამი დედას ეტყვის, რომ კარგი (მისი მოსაზრებით ხომ მისი შედეგი ნამდვილად კარგია) ნიშანი მიიღო, შესაძლოა დედამ უმაღლესი შეფასება მოიაზროს და რეალური შედეგის გაგებისას ეგონოს კიდეც, რომ მარიამმა მოიტყუა (რაც მის რეალურ განზრახვას არ შეესაბამება).

"კარგია" ეს, "ცუდი" თუ "ლოგიკური", ფაქტი გამოცდაში მიღებული ქულის შესახებ კვლავაც უცვლელი დარჩება: მოსაზრება მხოლოდ ფაქტის ჩვენეული აღქმაა და ამაზე დავა მინიმუმ კომუნიკაციის პრობლემებამდე მიგვიყვანს (მინიმუმ. ოდესღაც მარკ ტვენმაც ხომ გამოთქვა მოსაზრება, რომ "გემოვნებაზე არ დავობენ, მის გამო ერთმანეთს სცემენ, ლანძღავენ და ომობენ"), ლუარსაბი და დარეჯანი კი, ალბათ, ვერც ვერასოდეს გაიგებენ, ჩიხირთმა სჯობს თუ ბოზბაში.

რა არის რწმენა?

თავდაპირველად რწმენა შესაძლოა თქვენთვისაც რელიგიურ ასოციაციებს იწვევდეს, თუმცა კი გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ცხოვრების უამრავ ასპექტში ვლინდება და გაცილებით ფართო როლი აქვს: რწმენა საკუთარი თავის, სხვების, ღმერთის, ბედნიერი მომავლის, შეთქმულების თეორიების, მასობრივი ვაქცინაციის უუნარობის, მაგიური კრისტალების და სხვა.

Oxford Languages-ზე დაყრდნობით, რწმენა მიღებაა იმისა, რომ რაღაც არსებობს ან ნამდვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არ დასტურდება.

დოქტორი შიფბაუერი კი განმარტავს, რომ:

"რწმენა ჩვენი წამყვანი ღირებულებაა, რომელიც ნდობასა და მორალური ჭეშმარიტების ღრმა შეგრძნებაზეა დაფუძნებული".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენაა ის, რაც გვწამს და არა მაინცდამაინც ის, რაც რეალურია — ფაქტები მის "კომპეტენციაში" არ შედის. ამასთანავე, მოსაზრების მსგავსად, არც რწმენა შეიძლება შეფასდეს, როგორც სწორი ან არასწორი (თუმცა შესაძლოა ჭეშმარიტ ფაქტთან თანხვედრაში არ მოდიოდეს), თუ მას როგორც რწმენას აღვიქვამთ და არა სინამდვილეს.

მის როლს რაც შეეხება, ფსიქიატრ რალფ ლუისზე დაყრდნობით, რწმენა ტვინს კომპლექსურ სამყაროში გეზის აღებასა და მის გააზრებაში ეხმარება. იგი გონებრივი გამოხატულებაა იმისა, თუ რა სახის ქცევას ელის ტვინი გარემოსგან და როგორ უნდა უკავშირდებოდეს რაღაცები ერთმანეთს — კანონზომიერებები, რომელსაც ტვინი მოელის, რომ სამყარო უნდა შეესაბამებოდეს. მისი თქმით, რწმენა ეფექტური დასწავლის შაბლონია და ხშირად გადარჩენისთვისაც სასიცოცხლო როლს ასრულებს.

ფოტო: Dribble

"სხვადასხვა რწმენას ის გვიყალიბებს, რაც ბავშვობიდან მოყოლებული გვესმის სხვებისგან. რწმენის წყაროებს გარემო, მოვლენები, ცოდნა, წარსული გამოცდილებები, ვიზუალუზაცია და მრავალი სხვა ფაქტორი წარმოადგენს", — ნახსენებია Indian Journal of Psychiatry-ის პუბლიკაციაში, რომელიც რწმენის ბიოქიმიას ეხება.

Indian Journal of Psychiatry-ის თანახმად, რწმენა უბრალოდ მშრალ ამოსავალ დებულებათა ერთობლიობაც არაა, არამედ რაღაც უფრო ცოცხალი და ემოციებთან გადახლართული, რამაც, შესაძლოა, ის საფრთხის შეგრძნება თუ უადგილო აგრესია ახსნას, რომელსაც მაშინ ვავლენთ, როდესაც გვჯერა, რომ ჩვენს რწმენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

პუბლიკაცია ამბობს, რომ, კვლევის მიხედვით, სენსორული მონაცემები, რომელსაც გარემოდან ვიღებთ, ერთ ან მეტ სინაფსს შორის მოგზაურობისას გაფილტრვის პროცესს გადის, საბოლოო ჯამში კი უფრო მაღალი დამუშავების რეგიონს, ფრონტალურ წილს აღწევს. სენსორული ინფორმაცია ჩვენს ცნობიერებაში შემოდის, ხოლო მისი რა ნაწილი იქნება ეს, ჩვენი რწმენა განსაზღვრავს (როგორც ლუისმა გვამცნო). სხვა სიტყვებით — ვხედავთ იმას, რასაც ველით, რაც რწმენის რეალობად აღქმას კიდევ უფრო ამყარებს — ჩვენ ხომ ვხედავთ!

ფოტო: Dribble

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ჩვენეული რეალობაა და ის, რასაც ჩვენი გონება სამყაროსგან მოელის, კომუნიკაციის დროს მისი ჭეშმარიტ, დასაბუთებად რეალობასთან გაიგივებამ კი შესაძლოა თანამოსაუბრე შეცდომაში შეიყვანოს. ჩემი, ავტორის მოსაზრებით, ამის გადაჭრის გზა შესაძლოა თვითჩაღრმავება იყოს — იმის გაგება, ჩვენეული ჭეშმარიტება არის თუ არა სხვებისათვის დადასტურებადი თუ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენეული ჭეშმარიტებაა (რაც მყარად გამჯდარი რწმენის შემთხვევაში სრულებით უვარგისი მოწოდებაა). ამის გამოკვეთა თანამოსაუბრეს დაეხმარება, სწორად შეაფასოს თქვენი განზრახვა რწმენის გადმოცემაა თუ რეალური ფაქტების (თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს განზრახ მოტყუება არ გაქვთ მიზნად).

რა განსხვავებაა რწმენასა და მოსაზრებას შორის?

ფოტო: Dribble

შიფბაუერის განმარტებით, რწმენასა და მოსაზრებას შორის განსხვავება ძირითადად სიახლეებისაკენ ღიაობის კუთხით შეგვიძლია ვეძებოთ.

მაშინ, როცა მოსაზრება შესაძლოა გამოცდილებასთან ერთად შეიცვალოს, რწმენა მეტად დოგმატურია და, მაშინ, როცა სიტუაციურ ფაქტორებს ნაკლებად ექვემდებარება, შესაძლოა კულტურის დიდ ზეგავლენას განიცდიდეს. მაგალითად, ძაღლის ხორცის ჭამის იდეა, ალბათ, თქვენთვისაც მიუღებელია და თითქოს დასაბუთებას არც კი მოითხოვს, რადგან "ძაღლის ხორცი არ იჭმევა", თუმცა კი რამდენიმე კულტურა ამაში ნამდვილად არ დაგვეთანხმება.

ამასთანავე, Indian Journal of Psychiatry-ზე დაყრდნობით, როცა ფიქრების შეცვლას განვიზრახავთ, სენსორული ინფორმაციის იმ ნაწილსაც მეტად აღვიქვამთ, რომელსაც ჩვენი რწმენა ბლოკავდა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამჯდარი რწმენაც გარკვეულწილად ექვემდებარება "პატრონს".

ფოტო: Download Illustration 2020

უწყვეტ მოვლენათა ქარცეცხლში რთულია თვითანალიზისათვის დროის დათმობა (დედამიწა კვლავაც უწყვეტად ბრუნავს): საუკუნო დავაა რელიგიის მიმდევრებსა და ათეისტებს შორის; მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის; პანდემია იჩენს თავს და მისი გადაჭრის ერთადერთი დადასტურებული გზის, ვაქცინაციის საკითხი ხდება დავის საგანი; ბევრი ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ ევოლუციას უარყოფს და მეცნიერებას ბიბლიური არგუმენტებით ეწინააღმდეგება (მისთვის ესაა სარწმუნო); ბევრი აქაც უარყოფს მეცნიერებას და თვლის, რომ გენმოდიფიცირებული საკვები სახიფათოა. ზოგს მაგიის არსებობისა სჯერა, ზოგს ნამდვილი წამლების მოქმედებისა არ სჯერა (პლაცებოს საპირისპიროდ), ხოლო სიტყვის თავისუფლება (ზოგჯერ ბოროტად გამოყენებული), ემოციური მიდრეკილებები, თვითანალიზისა და ინფორმაციის ნაკლებობა კი კიდევ ერთ აგურს უმატებს ინფორმაციულ ქაოსს.

საბოლოოდ, პრობლემა ბევრია, თუმცა დაფიქრებით, საკუთარი აზრებისა და ქცევის წარმომავლობის კვლევით, ამასთანავე თანამოსაუბრის სიტყვებთან კრიტიკული მიდგომითა და ურთიერთგაგების მცდელობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება.

ჩემი აზრით, მთავარი მაინც საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების სულ მცირე იმ დონემდე გაცნობიერებაა, რომ საკუთარ ჭეშმარიტებას დავუსვათ კითხვის ნიშანი და აზრს (ჩვენი იქნება იგი თუ სხვის, თუნდაც ავტორიტეტის) აზრი დავარქვათ, რწმენას რწმენა და ფაქტს — ფაქტი, თორემ გემოვნებაზე დავით მხოლოდ სამოდელო ინდუსტრია წაიწევს წინ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.