გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს გრეის ანატომიის წინა სეზონებიდან.

გრეის ანატომიისათვის პერსონაჟების დახოცვა და შემდეგ მათი სერიალში დაბრუნება უჩვეულობა სულაც აღარაა. წინა სეზონში ხომ კორონავირუსით დაინფიცირებული მერედით გრეის ზმანება ვნახეთ, სადაც ის გარდაცვლილ დერეკს, ჯორჯს, მარკსა და თავის დას, ლექსის, სანაპიროზე ხვდებოდა. ამ ნოსტალგიურ სცენაში მერედითის ასევე დაღუპული დედა, ელის გრეი, არ გამოჩენილა, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ სცენარისტები არც ამაზე დაგვზარდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, გრეის ანატომიის მე-18 სეზონში, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყება, კეიტ ბარტონი თავისი პერსონაჟის განსახიერებისათვის დაბრუნდება. რადგან წინა სეზონის დასასრულს მერედითმა გამოიღვიძა, უცნობია, რა ფორმით მოუწევს ელისს სერიალში გამოჩენა. იგი ბოლოს 2019 წელს, მე-15 სეზონში ვნახეთ, როცა მერედითს დაესიზმრა.

ელის გრეი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, სერიალის მე-3 სეზონში გარდაიცვალა.

ბარტონი ჯამში გრეის ანატომიის 23 სერიაში გამოჩნდა და თავის მიერ განსახიერებული როლისათვის ემის ორგზის ნომინანტიც გახდა.

ფოტო: ABC

გრეის ანატომია, რომელიც ABC-ის ყველაზე ხანგრძლივი პროექტია, უკვე 16 წელია, მიმდინარეობს. მისი შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი შონდა რაიმსია, თუმცა, ამჟამად ამ როლს კრისტა ვერნოფი ასრულებს. არსებობის განმავლობაში სერიალმა უამრავი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო შოუსთვის.