ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ის კვლევაში სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება.

სტატიაში მიმოხილულია დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტების მერებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის არსებული პოლიტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და პრემიერ-მინისტრის მიერ მერების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დაპირების მიზანშეწონილობა.

კვლევის თანხმად, მუნიციპალიტეტების მერიების დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხების შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2,080 ლარიდან — 3,600 ლარამდე) მერყეობს.

შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც ის მერების ხელფასების ზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა, შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

"ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე", — ნათქვამია კვლევაში.

თვითმმართველობის არჩევნების წინ პრემიერმინისტრი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე ალაპარაკდა. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყებენ მათი ხელფასების ზრდას.