ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის ჰოსპიტალში, სასუნთქი აპარატის ავარიულად გათიშვის გამო, კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუთბას თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილების ორ პალატაში ელექტროენერგია ძაბვის მკვეთრი მატების გამო გაითიშა.

ბუთბა, ასევე, ამბობს, რომ ექიმებმა პაციენტების დასახმარებლად რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს. მომხდარზე დე ფაქტო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 11 აგვისტოს კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ჯამში ინფიცირების 23 303 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 18 906 და გარდაიცვალა 336 ადამიანი.