მკითხველებთან პირველად შეხვედრიდან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგ, DC-ის ახალ კომიქსში ვიგებთ, რომ სუპერგმირების ყველაზე საიმედო თანამებრძოლი, რობინი, ლგბტქ პერსონაჟია.

DC-ის ბეტმენი: ქალაქური ლეგენდების ამ დროისთვის ბოლო გამოცემაში, რომელიც დამაინტრიგებლად მთავრდება, რობინად გარდასახული ტიმ დრეიკი თავის მიერ გადარჩენილი მეგობრისგან, ბერნარდისგან, პაემანზე მიპატიჟებას თანხმდება.

"გარდამტეხი მომენტი გქონია ოდესმე?", — ფიქრობს დრეიკი ერთგან, — "თითქოს არსაიდან რაღაც დაგცინის, გიწვევს. თითქოს შენც და შენი ტვინიც ერთ გვერდზე უნდა იყოთ, თუმცა, ყველაფერს როდის აქვს აზრი. ხალხი სულ მეკითხება, რა მინდა, მაგრამ ამას ვერ ვიგებ. რაც უნდა იყოს, ყოველთვის ისე ჩანს, თითქოს მიუწვდომელია. აქამდე, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო. ზუსტად აქამდე".

გამოცემის ავტორი, მეგან ფიცმარტინი, ამბობს, რომ დრეიკის სექსუალობისთვის სახელის დასარქმევად მზად არ იყო, რადგან იგი ქალ პერსონაჟს, სტეფანი ბრაუნსაც ხვდებოდა.

"მინდოდა, ხაზი გამესვა იმ ფაქტისთვის, რომ სექსუალობის ძიება გრძელი გზაა", — ამბობს ფიცმარტინი, — "უკეთ რომ განვმარტოთ, მისი გრძნობები სტეფანისადმი 100 პროცენტით ნამდვილი იყო, ასევეა ბერნარდის შემთხვევაშიც. თუმცა, ტიმი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას. მგონი, ამ ყველაფრისათვის შესაფერისი სიტყვებიც კი არ აქვს... ჯერჯერობით".

ფიცმარტინის თქმით, ძალიან გაუხარდა, როცა გადაწყვეტილება DC-მაც შეუქო.

"როცა ეს შევიტყვე, ჩემს სახლში, მთელი ორი წუთი ვიჯექი იატაკზე გახარებული... ვიმედოვნებ, ეს სხვებისთვისაც იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის".

ფოტო: DC

კრიტიკოს გლენ უელდონის თქმით, მკითხველებისათვის ახალი ამბავი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, მისი გამხელა მაინც სასიამოვნო გადაწყვეტილებაა. უელდონი ამბობს, რომ ბეტმენისა და რობინის ურთიერთობის ჰომოეროტიკული ქვეტექსტის გაქარწყლება არაერთხელ უცდიათ.

ამგვარად, დრეიკი იმ სუპერგმირების სიას მიემატა, რომლებიც მკითხველებმა უკვე გაიცნეს ლგბტქ პერსონაჟებად. ასეთები არიან ბეტვუმენი, ჰარლი ქუინი, მარველის პერსონაჟი კაპიტანი ამერიკა და სხვები.