ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თვლის, რომ სამთავრობო გუნდი მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციის მაგალითს აძლევს. ეს იმ ფონზე, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, აუცრელმა პრემიერმინისტრმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.

ამ ფაქტიდან მეორე დღეს ტიკარაძემ მთავრობის წევრებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა პირადად ღარიბაშვილს. სწორედ ამ განცხადების განმარტება სთხოვა ჟურნალისტმა ჯანდაცვის და ჰკითხა, ვინ არღვევს სამთავრობო გუნდში მათივე დაწესებულ რეგულაციებისა თუ რეკომენდაციებს, რაზეც ტიკარაძემ ასე უპასუხა:

"მე ვთვლი, რომ ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე სამთავრობო გუნდი, რომელიც მართავს ამ პროცესს, არის მაგალითი ყოველივე ამისი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები არიან ვაქცინაციის კუთხით უკვე მაგალითი და ასევე, სხვა მიმართულების კუთხითაც. ისინი აძლევენ მოსახლეობას იმ შესაბამის მაგალითს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდეს მასობრივი მობილიზაცია, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე ყველა იმ რეგულაციის დაცვაზე, რომელიც დღესდღეობით ქვეყანას ყველაზე მეტად ესაჭიროება".

7 აგვისტოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ არის დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები არიან პირბადის გარეშე და ირღვევა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.

რეგულაციების დარღვევის მეორე დღეს პრემიერმინისტრი აიცრა, ჟურნალისტების კითხვებს კი ასე უპასუხა: "მერე რა, რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?". ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც იქეიფა, მსუბუქი ეპიდვითარებაა და ეს ყველაფერი მანამდე "გაზომილი და შემოწმებული" ჰქონდა. "ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?" — ჰკითხა მან ჟურნალისტებს.