ილია II-ს განცხადებით, აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. მიმართვას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში", — აცხადებს ის.

პატრიარქის ამ განცხადების მიუხედავად, ფაქტია, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით ილია მეორე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პირია. მრევლის დიდი ნაწილი მის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნია ისიც, რომ მრევლზე დიდ გავლენას ახდენა სასულიერო პირების მოწოდებები.

საქართველოში ვაქცინაცია თითქმის 5 თვის წინ, მარტში დაიწყო, თუმცა დღის მონაცემებით, ორივე დოზით სულ 210 776 ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის დაბალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზად სასულიერო პირების ანტივაქსერული განცხადებები განიხილება. ამ დრომდე არაერთმა მათგანმა გაავრცელა ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადება და შეთქმულების თეორია.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირთაგან აცრილია ილია II-ს ძმიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ის სინოდის პირველი წევრია, რომელიც საჯაროდ აიცრა.

სინოდის მიერ 11 თებერვლის სხდომაზე მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაში.

"ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში", — აღნიშნულია სინოდის განჩინებაში.