პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერმინისტრად მისი დანიშნის დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო და ადამიანები ბჭობდნენ უნდა აღესრულებინათ თუ არა კანონი. აღნიშნულ განცხადებაში ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გულისხმობს.

„როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის ქართული ოცნება", — აცხადებს პრემიერმინისტრი.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

გახარიამ მაშინ განაცხადა, რომ მისი ურყევი პოზიციაა, "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".