დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, 5 ივლისს გამართული ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორების დაუსჯელობა აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კრიტიკული რისკების შემცველია.

"დღეის მდგომარეობით, 5 ივლისის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით საქმის გამოძიება მიუთითებს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები წინასწარ იყო ორგანიზებული კონკრეტულ პირთა მიერ და არ ატარებდა სპონტანურ ხასიათს. ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ 5 ივლისის სისხლიან დარბევამდე გამოქვეყნებული საჯარო მოწოდებები ადასტურებს, რომ დარბევამდე გაცილებით ადრე, მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაციისთვის, რომლის შესახებაც, დარწმუნებული ვართ, წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების ცალკეული ლიდერების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება.

"დღემდე შედეგი არ მოჰყოლია გამოძიებას შემდეგ ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის და გურამ ფალავანდიშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე. აშკარაა, რომ როგორც 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე 5 ივლისის შემდგომ, აღნიშნული პირები, ლგბტქ თემისა და მათი მხარდამჭერთა შეუწყნარებლობის მოტივით მონაწილეობას იღებენ არაერთი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტი და იკვეთება დასაბუთებული ვარაუდი აღნიშნული პირების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებაზე", — აცხადებს DRI.

ორგანიზაციის განცხადებით, ამის მიუხედავად, მითითებულ პირთა ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ფასადურია და არ არის მათი პიროვნების, მოწოდებების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების შემცველი აქტების პროპორციული.

"საზოგადოებაში არსებული დასაბუთებული ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მმართველი
პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობს და ხელს აფარებს 5 ივლისზე პასუხისმგებელი
ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს, მნიშვნელოვანია მოხდეს გურამ
ფალავანდიშვილის, "ალტ ინფოს" გუნდის, ლევან ვასაძისა და მათთან დაკავშირებული
ჯგუფების მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო შემთხვევების
მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოძიება და ჯგუფური ძალადობის
ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა", — ამბობს DRI.