თუკი ჩაძინების პრობლემა ხშირად გაწუხებთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ლოგინში ამაოდ ბორგვის მანკიერი წრე — როცა ვცდილობთ, დავიძინოთ, ვერ ვიძინებთ, ვისტრესებით და შემდეგ კიდევ უფრო გვიჭირს ჩათვლემა. რაც მეტად ვცდილობთ, ძილს მივცეთ თავი, მით უფრო რთული ხდება ეს ყველაფერი. შედეგად, გამოუძინებელი და მუდმივად დაღლილი ვართ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლის.

ჩაძინების გასამარტივებლად მედიტაციიდან ცხვრების დათვლამდე ალბათ ყველაფერი სცადეთ. თუმცა, შფოთვით ან მეტისმეტი ფიქრით გამოწვეული ინსომნია უფრო კომპლექსური პრობლემაა და მის გადასაჭრელად ხშირად პროფესიონალის დახმარებაა საჭირო. უძილობა დღესდღეობით კიდევ ერთი პანდემიაა — ოთხიდან ერთ ადამიანს ტვინის გათიშვა და მოსვენება ყოველთვის უჭირს.

კოგნიტური მეცნიერების კანადელი მკვლევრის, ლუკ ბოდუანის თქმით, არსებობს გონებრივი სავარჯიშო, რომელიც ადამიანებს ჩაძინებაში ეხმარება. სავარჯიშოს არსი ბავშვების ჩაძინების პროცესის მიბაძვაა, ეს კი ტვინის ათასი სისულელით გამოჭედვით ხდება. თუკი გონება ვერ "ითიშება", დიდი შანსია, რომ გაცნობიერებულ წუხილსა და შფოთვას დაიწყებს. ამიტომ, მიზანი, სწორედაც რომ ტვინის გამორთვაა.

ფოტო: FM ILLUSTRATION / Dribbble

  1. მოემზადეთ ძილისთვის და დაწექით.
  2. დაიწყეთ ფიქრი შემთხვევით შერჩეულ, ემოციურად ნეიტრალურ სიტყვაზე, რომელიც მინიმუმ ხუთი ასოსგან შედგება. მაგალითად, "საწოლი", "სკამი", "გარდერობი" ან, თუნდაც, "შტეფსელი".
  3. გონებაში დაიწყეთ დამარცვლა და თითოეულ ასოზე მისით დაწყებული იმდენი სიტყვა მოიფიქრეთ, რამდენიც შეგიძლიათ. მაგალითად, თუკი "საწოლის" დამარცვლას გადაწყვეტთ, "ს"-ზე იფიქრეთ: საჭმელი, სუნი, სანთებელა...
  4. შემდეგ გადადით მომდევნო ასოზე და ასე განაგრძეთ. თითოეულ ასოზე სცადეთ მაქსიმალური რაოდენობის სიტყვის მოფიქრება, ხოლო როცა მიხვდებით, რომ დამარცხდით, შემდეგზე გადადით.

ბოდუანის თქმით, სანამ ამას გაიაზრებთ, უკვე ჩვილივით ჩაგეძინებათ. სავარჯიშოს მიზანია, თქვენი გონება, რომელსაც გათიშვა უჭირს, მიმართოს ემოციურად ნეიტრალური ცნებებისადმი. პროცესი კი, თავისთავად, დამღლელიცაა და ტვინს მოსვენებისკენ უბიძგებს.

სავარჯიშოს პრინციპში უკეთ გასარკვევად და მზა შემთხვევითი სიტყვების მოსაძებნად ბოდუანმა აპლიკაციაც შექმნა.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად სავარჯიშოები არ კმარა. ინსომნიის გამომწვევი შფოთვა ხშირად უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ რუტინას, მათ შორის, ქცევით დამოკიდებულებებს.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.