SpaceX-მა თავისი გიგანტური რაკეტის — Starship პროტოტიპი უკვე განათავსა გამშვებზე. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი რაკეტაა, რომლის გამოცდაც მიმდინარე წელს იგეგმება.

Starship სწორედ ის ხომალდია, რომელმაც ადამიანის მთვარეზე და შემდეგ მარსზე გაფრენა უნდა უზრუნველყოს. თუმცა, მანამდე მას არაერთი სატესტო ფრენა აქვს შესასრულებელი. მათ შორისაა წლევანდელი ფრენა, რომლითაც მსოფლიოს უმაღლესი რაკეტა Starship SN20, რომლის სიმაღლეც 120 მეტრია, დედამიწის ორბიტაზე უნდა გავიდეს.

ფოტო: Thorenn

აღსანიშნავია, რომ აქამდე SpaceX-ს Starship-ის არაერთი პროტოტიპი აქვს გამოცდილი. მართალია ტესტირებების უმეტესობა წარუმატებელი იყო, თუმცა ბოლო ჯერზე კომპანიამ წარმატებას მიაღწია.

ახლა კი, SN20-მა Starship-ის ისტორიაში პირველად, ორბიტალური ფრენა უნდა შეასრულოს. SpaceX-ის მიერ, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისთვის (FAA) წარდგენილი გეგმის თანახმად, Starship ორბიტაზე პირველად გავა, დედამიწას ერთხელ შემოუფრენს და გაშვებიდან 90 წუთში, აფრენის წერტილიდან (ტეხასი, ბოკა ჩიკა) 100 კილომეტრში, წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულ კაუაისთან ახლოს დაეშვება. თუმცა, ამ სატესტო ფრენამდე ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. რაკეტისა და გამშვების შესაბამისობაში მოყვანაზე SpaceX-ის ინჟინრები ჯერ კიდევ მუშაობენ.

ახალ პროტოტიპზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებით ამაღელვებელია SpaceX-ის დამფუძნებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისთვის — ილონ მასკისთვის. ქვემოთ გიზიარებთ 5 ფოტოს, რომლითაც მილიარდერმა Starship SN20 და მისი 29 ინდივიდუალური სარაკეტო ძრავის მქონე გამშვები გვაჩვენა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამშვებისა და ყველაზე მაღალი რაკეტის ტანდემია, რომელზეც მასკი აქტიურად ტვიტავს.