პარტია დროა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო უარს ამბობს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე.

"საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს "ქეიფში" და ამაში პრობლემას ვერ ხედავს", — აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

პარტია დროა ხელისუფლებისგან მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.
  • გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებას.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაიცვალა — 54 ადამიანი.