ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია. ის რუსთავი 2-თან, ასევე, ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინოს. მინისტრი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ყველა ღონისძიების გამკაცრება აუცილებელია.

"არის სერიოზული დეფიციტი საწოლფონდის... გარდა მობილიზაციისა, ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი ყველა სიპის დახმარებით თვითონ პაციენტების ნაკადების მართვაში და აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, ჯერ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ექიმის ყურადღების გარეშე", — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, ასევე, ის კომპონენტი, რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან ეპიდვითარების მდგომარეობაზე ასახვა საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება. ტიკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს დამატებითი თხოვნით მიმართავენ.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 146, ხოლო გარდაიცვალა — 44 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის, 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,54%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 9,75%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 8,74%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.