ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების 13 წლიანი პერიოდი მიმოიხილა. ორგანიზაციის შეფასებით, აგვისტოს ომიდან 13 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და, შესაბამისად, რისკები ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოებისთვის, სულ უფრო და უფრო იზრდება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსული წილი ქართულ ეკონომიკაში კვლავ მზარდია, მსგავსი განვითარება კი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო­ატლანტიკურ მისწრაფებებს.

"მჭიდრო ეკონომიკური კავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთგვარი იარაღია რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში, რომელმაც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ეს უკანასკნელი არაერთხელ გამოიყენა. 90­-იანი წლების დასაწყისიდან 2006 წლამდე, საქართველოს საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ ბაზარზე როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის კუთხით.

EPRC-ს მიმოხილვაში ნახსენებია რუსეთის მხრიდან გამოყენებული 2006 წლის სავაჭრო ემბარგოსა და 2019 წლის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემთხვევები და აღნიშნულია, რომ რუსეთი ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხს იყენებს როგორც ზემოქმედების იარაღს და მსგავს გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოტივებით იღებს.

კვლევის ავტორების თქმით, მიუხედავად 2008 წლის ომისა, 13 წლის შემდეგ ეკონომიკური ინდიკატორები ნათლად მოწმობენ, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე წლებთან ერთად იზრდება.

ფოტო: EPRC

კვლევის პირველი ნაწილი საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების განხილვას ეთმობა, სადაც აღნიშნულია, რომ 2006 წლის ფაქტობრივი სავაჭრო ემბარგოსა და 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგად, რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, რუსეთში ექსპორტის შემცირებას არ გამოუწვევია საქართველოს საერთო ექსპორტის მოცულობის კლება.

"2005 წელს რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 18%-­ს უტოლდებოდა, იგივე მაჩვენებელი 2008 წელს 2%-­მდე შემცირდა და 2013 წლამდე ასეც შენარჩუნდა. თუმცა, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში გაიზარდა და უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ის დაახლოებით 13%­-14%-­ს გაუტოლდა", — ნათქვამია კვლევაში.

ფოტო: EPRC

რაც შეეხება იმპორტს, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთის როლი საქართველოს იმპორტშიც მზარდია. როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2006 წლიდან, ექსპორტის მსგავსად, იმპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა და თუ 2006 წელს რუსული პროდუქტის წილი საქართველოს იმპორტში 15%­-ს უტოლდებოდა ­ 2008 წლიდან 2014 წლამდე 5%-­7% ­ს არ აღემატებოდა, ხოლო 2015 წლიდან რუსული იმპორტის მოცულობამ, ისევე, როგორც მისმა წილმა სრული იმპორტის მოცულობაში, მნიშვნელოვნად მოიმატა და 2020 წლისთვის სრული იმპორტის 11%­-ს გაუტოლდა.

ამასთან, ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების, როგორიც არის ხორბალი და ნავთობი, ძირითადი იმპორტიორი საქართველოში სწორედ რუსეთია. მაგალითად, ხორბლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2019 წელს 83%, 2020 წელს კი 99% იყო.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის ერთი ნაწილი ორ ქვეყანას შორის არსებულ ტურისტულ მაჩვენებლებს ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო ტურისტულად მიმზიდველია, რის გამოც საქართველოს ტურისტული სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის რეზიდენტებსა და მათ მობილობაზე საქართველოში.

"2020 წელი მძიმე ტურისტული გამოწვევა აღმოჩნდა, რაც მსოფლიო პანდემიით იყო განპირობებული. თუ 2017­-2019 წლამდე რუსეთის რეზიდენტების ვიზიტები საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის 18%­-20%­ს უტოლდებოდა, მათი წილი 2020 წელს 14%­-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან ფრენების შეზღუდვამ ისეთი შედეგი ვერ გამოიღო, როგორიც სავაჭრო შეზღუდვებმა 2006 წელს, ტურისტული სექტორის დამოკიდებულება რუსეთის რეზიდენტების ვიზიტებზე ამ სექტორის მოწყვლადობაზე მიგვითითებს", — ნათქვამია EPRC-ის კვლევაში.

მათივე განცხადებით, გზავნილების მთლიან მოცულობაში რუსეთის მაღალი წილი იმით არის განპირობებული, რომ ადრეული 90-ებიდან მოყოლებული, საქართველოს ემიგრანტთა დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

"ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან 2008 წლიდან 2014 წლამდე სტაბილურად ნარჩუნდებოდა და საქართველოში მიღებული გზავნილების ნახევარზე მეტს უტოლდებოდა (49%­-57%­-ს).

2015 წლიდან გზავნილების მოცულობაც და მისი წილიც შემცირებას იწყებს. უკანასკნელ 2020 – 2021 (პირველი 6 თვე) წლებში, რუსული გზავნილების მოცულობა 17%-­19% ­ს გაუტოლდა. კლების ტენდენცია პოზიტიურია იმდენად, რამდენადაც ფულადი გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან არა რომელიმე ერთ ქვეყანაში გადაინაცვლა, არამედ გადანაწილდა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაზე", — აღნიშნულია კვლევაში.

EPRC-ის კვლევის დასკვნითი ნაწილი რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ საინვესტიციო კავშირებს ეხება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში რუსული კომპანიების მფლობელობაშია ისეთი მსხვილი სტრატეგიული ობიექტები, როგორებიცაა თელასი, თელმიკო, ბორჯომი, RMG, ლუკოილ ჯორჯია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და სხვები, თუმცა ამ ყველაფერში რუსეთიდან მოზიდული ინვესტიციების ზომა მცირეა.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ მოზიდული ინვესტიციების სრულ მოცულობაში რუსული ინვესტიციების წილი უმნიშვნელოა. უკანასკნელ წლებში (2018-­2020) რუსეთიდან მოზიდული ინვესტიციები სრული ინვესტიციების 4%-­6% ­ს უტოლდება. თუმცა, იქვე ისიც არის აღნიშნული, რომ მსხვილი და სტრატეგიული ობიექტების რუსი ინვესტორების ხელში ყოფნა უდავოდ იმსახურებს ყურადღებას.