საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიექტი დაილუქება. ამის შესახებ დღეს, 9 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ჯარიმის შემდეგ ობიექტის დალუქვა შედეგის მომტანი იქნება.

მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა: ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 146, ხოლო გარდაიცვალა — 44 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტით, მათ შორის, 12 524 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 915 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,54%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 9,75%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 8,74%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 403 762-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 6 128 პირი ემსხვერპლა.