ადამ დრაივერმა სამსახიობო კარიერა საკმაოდ გვიან, 2009 წელს დაიწყო და ცხადია, თავიდან შედარებით უმნიშვნელო პროექტებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მან მოახერხა, რომ დროის მცირე მონაკვეთში მუდმივად წარმატების სულ უფრო მაღალ საფეხურზე გადაენაცვლა, სახელი მთელ მსოფლიოში მოეხვეჭა და ერთმანეთზე უფრო საინტერესო როლები მიეღო.

ადამ დრაივერს უკვე ბევრი კინოკრიტიკოსი აღიარებს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობ კაცად და ამასთანავე, მან უკვე მილიონობით მაყურებლის გულიც მოიგო. ამ ამერიკელი მსახიობის არტისტული ტალანტის კიდევ ერთხელ შესახსენებლად, გთავაზობთ, გავიხსენოთ მისი 10 საუკეთესო სამსახიობო შესრულება, რომელიც ცნობილმა კინოგამოცემა IndieWire-მა შეადგინა.

10. The Man Who Killed Don Quixote / კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა

ფოტო: Warner Bros. Pictures

რეჟისორი ტერი გილიამი ამ ფილმის გადაღებას 29 წლის განმავლობაში ცდილობდა და საბოლოოდ, მან მაინც შეასხა თავის სურვილს ხორცი: კინოსურათმა, რომელიც სერვანტესის ეპოქალურ რომანს ეფუძნება, 2018 წელს იხილა მზის სინათლე.

9. The Report / ანგარიში

ფოტო: Amazon Studios

სკოტ ბარნსის ამ პოლიტიკურ დრამაში ადამ დრაივერი გამომძიებლად გვევლინება, რომელიც ცდილობს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ წამებით დაკითხვის შემთხვევებს ახადოს ფარდა.

8. Hungry Hearts / მოწყურებული გულები

ფოტო: Everett Collection

სანამ იქნებოდა Marriage Story (ქორწინების ისტორია), იქამდეც გვაჩვენა ადამ დრაივერმა, თუ რა ემართება წყვილს, რომელთა ურთიერთობაც ნელ-ნელა იშლება.

7. Star Wars: Episode VIII – The Last Jedi / უკანასკნელი ჯედაი

ფოტო: LUCASFILM

ადამ დრაივერი ვარსკვლავური ომების სამყაროს ნაწილი გახდა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბნელ, ბოროტ მხარეს მყოფი პერსონაჟის მიმართაც კი შეიძლება გაგვიჩნდეს სიმპათიები.

6. BlacKkKlansman / შავი კუკლუქსკლანელი

ფოტო: Focus Features

თავისი კარიერის განმავლობაში ადამ დრაივერს არაერთ გამორჩეულ კინოხელოვანთან უთანამშრომლია და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სპაიკ ლია, რომლის ფილმში მონაწილეობამაც მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა.

5. Silence / სიჩუმე

ფოტო: Paramount Pictures

იმისათვის, რომ მარტინ სკორსეზეს ამ კინოსურათში სასულიერო პირის როლი სათანადოდ მოერგო, ადამ დრაივერმა იეზუიტთა შვიდდღიანი ჩუმად ლოცვის ღვთისმსახურება შეასრულა, ამავდროულად კი წონაში თითქმის 23 კილოგრამი დაიკლო.

4. Paterson / პატერსონი

ფოტო: Bleecker Street Media

ბევრმა ჯიმ ჯარმუშის ეს ნამუშევარი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მთავარი როლის შემსრულებელ ადამ დრაივერს მიუძღვის: მან საოცრად ოსტატურად გადმოგვცა ფილმის მინიმალისტური, სტოიკური განწყობა, რომელიც თავისი პოეტური სიბრძნით ჰაიკუსაც მოგვაგონებს.

3. Marriage Story / ქორწინების ისტორია

ფოტო: Netflix

ბევრს, ვინც ადამ დრაივერს, როგორც მსახიობს, აქამდე კარგად არ იცნობდა ან მის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებდა, სწორედ ქორწინების ისტორია დაეხმარა, რომ ეს გამორჩეულად ნიჭიერი არტისტი აღმოეჩინა.

2. Annette / ანეტი

ფოტო: Amazon Studios

ცნობილი ფრანგი რეჟისორის ლეოს კარაქსის ეს ინგლისურენოვანი მიუზიკლი კანის 2021 წლის კინოფესტივალზე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და უნიკალურ ფილმად აღიარეს, რომელშიც ადამ დრაივერი კიდევ ერთხელ გვანებივრებს საოცარი შესრულებით.

1. Girls / გოგოები

ფოტო: HBO

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სწორედ ამ სერიალმა აქცია ადამ დრაივერი ისეთ ნიჭიერ ხელოვანად, როგორადაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ: HBO-ს საკულტო შოუს რამდენიმე სეზონის განმავლობაში ის საოცრად გაიზარდა, როგორც მსახიობი და კინოსამყაროშიც ყველას სერიოზული ყურადღება მიიპყრო.

არ დაგავიწყდეთ, რომ სულ მალე მისი მონაწილეობით რიდლი სკოტის ორი ახალი ფილმი: House Of Gucci და The Last Duel გამოვა, რომლებშიც ადამ დრაივერი ასევე მნიშვნელოვან როლებს ასრულებს და დიდი ალბათობით, კვლავ შექმნის ახალ და დაუვიწყარ გმირებს.