სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ნინოწმინდის პანსიონის ადმინისტრაცია არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გავრცელებისთვის დააჯარიმა. საქმე ეხება 4 ივნისს, პანსიონატის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიერ პირად ფეისბუქგვერდზე, პირდაპირ ეთერში განთავსებულ ჩანაწერს, სადაც ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანის სახელი, გვარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ასევე, ინფორმაცია მათი სასურველი საცხოვრებელი ადგილების შესახებ, მათი ახლო ნათესავების ვინაობა და ტელეფონის ნომრები.

"პანსიონატის მიერ ბენეფიციარების მონაცემთა ამ ფორმით გასაჯაროება არღვევს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ლახავს მათ ღირსებას და ქმნის არასრულწლოვანთა ჩაგვრის, ე.წ. „ბულინგის“ (მათ შორის კიბერბულინგის), დისკრიმინაციის, ონლაინადევნების, მსხვერპლად გახდომის, მათდამი არასათანადო მოპყრობისა და სხვის მიერ ბავშვების პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გამოყენების რეალურ საფრთხეს.

ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ინფორმაციის სოციალური მედიით გასაჯაროვებისას, რომლის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი და შეუქცევადია", — ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურში აღნიშნავენ, რომ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მივიჩნიოთ კანონიერ და პროპორციულ საშუალებად, თუმცა აცხადებენ იმასაც, ბავშვის საუკეთესო ინტერესები პრიორიტეტია სხვა დანარჩენ ინტერესებთან შედარებით.

"არასრულწლოვანთა მონაცემების შემცველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროება სახელმწიფო ინსპექტორმა არ მიიჩნია კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პანსიონატის ინტერესი — დაეცვა დაწესებულების რეპუტაცია", — ვკითხულობთ ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინსპექტირების სამსახურში აღნიშნავენ, რომ შემოწმების პროცესში პანსიონმა არ ითანამშრომლა მათთან და არ მიაწოდა მოთხოვილი ინფორმაცია. ამიტომ, პანსიონი დაჯარიმდა როგორც არასრულწლოვანთა მონაცემების გასაჯაროვებისთვის, ასევე ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვისაც.

გაიგე მეტი: