პრეზიდენტის განცხადებით, 5 ივლისს ქაშუეთთან შეკრებილები სალოცავად არ იყვნენ მისული. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ვალდებულება დაეცვა წესრიგი და წინასწარ უნდა ეზრუნა იმაზე, რომ აეკრძალა ამ ტიპის შეკრება, რომელიც შესაძლოა დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ასე ეხმაურება ის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს.

"მე მგონი, შეიძლებოდა ამის აღკვეთა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, 2 პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული.

ამიტომ ამისი აკრძალვა, როცა ხარ ხელისუფლება და შესაძლებელია, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, აუცილებელი არის. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით", — თქვა ზურაბიშვილმა იმედის ეთერში.

ამავდროულად, პრეზიდენტი იცავს პატრიარქს და ამბობს, ის მსგავსი დაპირისპირებების წინააღმდეგია. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო იმ პარაკლისის და ილია მეორე ამ პროცესებს არ გამიჯვნია.

"კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ვიცით, თუ რამდენად იყო მიძღვნილი პატრიარქის მთელი ცხოვრება იმისკენ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. ეს არის მისი მთავარი წუხილი და ზრუნვა, მე რაც მესმოდა და რაც მესმის მისგან. დღეს ეს რომ ხდება ეკლესიაში არის დიდი ტკივილი მისთვის და სამწუხარო", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

5-6 ივლისს გამართული აქციების დროს დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. ძალადობრივ და ჰომოფობიურ ჯგუფებთან ერთად ამ აქციის ორგანიზატორი იყო საპატრიარქოც, რომელმაც 3 ივლისს მრევლს შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა: "მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". 5 ივლისს საპატრიარქო თავისივე დაორგანიზებულ აქციაზე მომხდარ ძალადობას გაემიჯნა და პასუხისმგელობა "პირველ რიგში" თბილისი პრაიდს დააკისრა. განაცხადეს ისიც, რომ ჟურნალისტობზე ძალადობაზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდნენ.