ისრაელმა ღაზის სექტორში რამდენიმე ლოკაცია დაბომბა, რასაც წინ უძღოდა ჯერ ლიბანური ჰეზბოლას მიერ ისრალის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვება და შემდეგ პალესტინის მიერ ისრაელის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვება ჰეზბოლას სოლიდარობის ნიშნად.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 7 აგვისტოს ღამით ღაზას სექტორის რამდენიმე ადგილს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს იყო პასუხი პალესტინის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე აალებადი ბუშტების გაშვებაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დაარტყეს ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ იმ ტერიტორიას, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. მათი თქმით, "განაგრძობენ ღაზას მხრიდან ტერორისტულ მცდელობებზე თავდასხმებით პასუხის გაცემას".

აალებადი ბუშტებით თავდასხმის შედეგად ისრაელის სამხრეთ ნაწილში, სულ მცირე, ოთხი ხანძარი გაჩნდა. სამი ხანძარი კისუფიმის ტყეში, ერთი კი ბე'ერის ტყეში გაჩნდა. ორივე ტყე ისრაელის და ღაზის სექტორის მიჯნაზე მდებარე დაცული ტერიტორიაა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით კი, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით აალებადი ბუშტები ლიბანთან სოლიდარობის ნიშნად გაუშვა.

პარასკევს, 6 აგვისტოს, ლიბანურმა ჰეზბოლამ, რომელიც ირანის მიერ არის მხარდაჭერილი, ისრაელის მიმართულებით 19 რაკეტა ისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 10 რაკეტა ჰაერში რკინის გუმბათის მეშვეობით უვნებელყვეს, 6 გაშლილ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 3 კი ლიბანის ტერიტორიაზე. რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო. მათ განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე. ჰეზბოლას ქმედებას კი ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა.

ფოტო: The Times of Israel

რაც შეეხება ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ საარტილერიო ცეცხლის სამჯერ გახსნას, ეს განხორციელდა 4 აგვისტოს ლიბანიდან სამი რაკეტის სროლის შემდეგ ხანძრის კერების გაჩენის გამო. სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე, ჩამოვარდა, მესამე კი — საზღვრის მეორე მხარეს. ჩამოვარდნილმა რაკეტებმა ხანძრის კერები გააჩინა, რომელთა ჩაქრობას 12 საათის შემდეგაც კი ცდილობდნენ. ხანძრის გამძაფრების გამო, ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებიდან ერთ-ერთზე, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ. ასევე, მათი სამიზნე იყო სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. ამასთან, ისრაელმა გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილა, რომ, თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება.

2006 წლის ლიბანის მეორე ომის შემდეგ, რომელიც ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარეობდა, ლიბანიდან სარაკეტო ცეცხლი იშვიათად იხსნებოდა. ამასთან, ლიბანში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები 2014 წლის შემდეგ იყო პირველი, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჯაროდ აღიარა.

ფოტო: The Times of Israel