საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს დღეს მიმართა. მან თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილება წარადგინა.

საჯარო რეესტრში მიიჩნევენ, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს. რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად მიქაელ ფოფხაძეს 30 დღე აქვს.

"ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით," - ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

ტელევიზიის დირექტორის შეცვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა. მიხეილ ფოფხაძემ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, იგივე პაატა ცაავა შეცვალა.