დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ინფორმაციას On.ge-ს როგორც თბილერვის ჯგუფში, ისე პროფკავშირებში უდასტურებენ.

თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა და გაფიცულების მოთხოვნები "გონივრულ ვადებში" დაკმაყოფილდება, თუმცა რას გულისხმობს გონივრული ვადა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია და ასე უცებ ცვლილების შეტანა მასში რთულია.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ორშაბათს, 9 აგვისტოს გასაჯაროვდება დოკუმენტი, სადაც გაფიცულების მოთხოვნები და მათი შესრულების პირობები იქნება განსაზღვრული. ამ ეტაპზე დოკუმენტის დეტალები ზუსტდება და მასზე თბილსერვის ჯგუფი, მერიის წარმომადგენლები და თავად გაფიცულები, პროფკავშირებთან ერთად მუშაობენ.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 6 აგვისტოს რთულ სამუშაო პირობები გააპროტესტეს და ხელფასის მომატების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ამ დრომდე არ აქვთ ზაფხულის უნიფორმა და დაზიანებული ურნების თრევა უწევთ. დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გაფიცვას "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება და უნიფორმის შეცვლა ისედაც დაგეგმილი იყო.

თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელობა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად გაფიცულებს შეხვდა, რის შემდეგაც მერიაში განაცხადეს, რომ მათი ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა.

დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა. ორგანიზაციამ შრომის ინსპექციას თბილსერვისის შემოწმებისკენ მოუწოდა.