ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აგვისტოს ომის 13 წლისთავს ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სრულად დგას მისი ხალხის გვერდით.

"13 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. საქართველოს 20% ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს საქართველოს და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და სრულად დგას მისი ხალხის გვერდით", — წერს ის.

ამ პოსტს კი ურთავს ორ რუკას წარწერებით — როგორ ხედავს რუსეთი საქართველოს და როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს. შესადარებლად მას გამოყენებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე გავრცელებული რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების საწინააღმდეგოდ. საპირწონედ კი საქართველოს სრულფასოვან რუკა უდევს.

აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს, დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა. ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით. საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.