აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ რუსეთი ვალდებულია გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ", — აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.

საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გაამძაფრა.

"საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ და აცხადებენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებებთან ერთად საჭიროა განახლდეს მსგავსი პროცესი გალშიც.

2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.