გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 13 წლის წინ "ტანკებით შემოჯლიგინებული ურდოს ანასხლეტები" დღეს რუსთაველზე "დაჯლიგინებენ" და თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, ასევე, ხელისუფლებიდან "ებლატავებიან" პარტნიორებს. ასე ეხმაურება ის აგვისტოს ომის წლისთავს.

"13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა სადამდეც გაუსწორდა. ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი.

ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგიჯებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან რა არის დემოკრატია.

არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებით, მაგრამ, თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა — ოქტომბერში ურდო არის გასა*მეინებელი", — წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.