ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ კლავ გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საპირისპიროდ, მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით", — აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

განცხადებაში ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ე.წ. ბორდერიზაციის, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

"პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს", — ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა. ასევე, სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.