დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს ექიმთა საზოგადოების სახელით, რომელშიც 5 600-ზე მეტი წევრია გაერთიანებული, ექიმები რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით საქართველოს მთავრობასა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდს მიმართავენ. ღია წერილს 720 ექიმი აწერს ხელს.

"ექიმები საკუთარი ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად ვდგავართ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ხვალ მძიმე პაციენტების ბინაზე დატოვება მოუწევთ; ვინც ვერ დავაინტუბირებთ ასაკოვან ხალხს სასუნთქი აპარატების უქონლობის გამო. ჩვენ ვართ ისინი, ვის სახესაც ეს ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავენ და ვისი თვალებიც ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება; ჩვენ ვართ ისინი, ვინც თქვენ მიერ დაწესებულ რეგულაციებს ყველაზე მძაფრად შევიგრძნობთ და სავარაუდოდ ხვალ თქვენი ოჯახის წევრის სასთუმალთან ვიდგებით.

ვხედავთ რა საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალურ საშიშროებასა და უკვე დღეისათვის არსებულ საწოლფონდის დეფიციტს, მოგმართავთ თხოვნით, გათვალისწინებულ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში", — აცხადებენ ხელმომწერები.

წერილში ექიმები მთავრობისა და საბჭოს მისამართით რამდენიმე კითხვას სვამენ, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის შესახებ. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ უწყებებს, რომ დააწესონ შესაბამისი რეგულაციები, რათა ლოკდაუნის შემოღება გარდაუვალი არ გახდეს. ექიმების რეკომენდაციათა შორისაა:

  • სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი;
  • აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);
  • გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები;
  • რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;
  • შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი.

გარდა ეპიდემიის მართვის დროს გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ვაქცინაციის კამპანიის აუცილებლობაზეც. მათი განცხადებით, მისი აქტიურად წარმართვა განსაკუთრებით საჭიროა რეგიონებში.

"ამის უზრუნველსაყოფად, სასურველია შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში რეგულარულად შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გასცემენ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხს, აუხსნიან ვაქცინაციის არსსა და სასიცოცხლო მნიშვნელობას (უკლებლივ ყველა რეგიონში და არა მხოლოდ ერთში)", — ნათქვამია წერილში.

აქვე ჩამოთვლილია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებლი რეკომენდაციები. კერძოდ:

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდეს ვაქცინაციაში მონაწილე მათ ყველა კოლეგას ტრენინგები, ისევე როგორც თბილისში ტარდება. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ალერგოლოგების ჩართულობა;
  • მაქსიმალურად გაიზარდოს ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა;
  • ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება; მითითებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები;
  • დაწესდეს ჯარიმები აცრაზე დარეგისტრირებული და არგამოცხადებული პირებისთვის;
  • დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის; მაგალითად, არ დაიშვან დახურულ სივრცეებში (რესტორნები, კაფე-ბარები), თავშეყრის ადგილებზე;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას. არავაქცინირებულ მედპერსონალს შეეზღუდოს პაციენტთან კონტაქტის უფლება.

6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 052, ხოლო გარდაიცვალა — 30 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: