ცნობილი სერბი ჩოგბურთელი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ქართველ სპორტსმენს, ზურაბ დათუნაშვილს, ოლიმპიური მედლის მიღებას ულოცავს და აქებს.

"ბრავო, ოსტატო!", — წერია ჯოკოვიჩის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სთორიში.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 87 კგ წონით კატეგორიაში. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ხორვატი ივან ჰუკლეკი 6-1 ანგარიშით დაამარცხა და სერბეთის ოლიმპიურ ნაკრებს წლევანდელ თამაშებზე მე-6 მედალი მოუპოვა.

6 აგვისტოს სერბეთში დაბრუნებულ დათუნაშვილს აეროპორტში ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები მესაყვირეების შესრულებული საზეიმო მუსიკით დახვდნენ და ოლიმპიური მედლის მოპოვება მიულოცეს.

ფოტო: oksrbije / Instagram

აეროპორტშივე ქართველმა მოჭიდავემ განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილისთვის ეს სერბეთის დროშის ქვეშ ასპარეზობის პირველი წარმატებული შემთხვევა არაა. რამდენიმე თვის წინ მან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.