დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტია აცრილი და ბოლო თვეებია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ეს წინადადება ბევრისთვის დამაბნეველი იქნებოდა რომ არა მისი გაგრძელება და ერთი ცხადი გარემოება — შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში სიკვდილიანობა არ იზრდება. ამ მონაცემის ინტერპრეტირება, რომელიც ქვემოთ ფაქტოგრაფის სახითაცაა მოტანილი, ძალიან მარტივია — ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან.

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი რამ სამყაროში, ისევე როგორც ნებისმიერი მედიკამენტი, ვაქცინაც ვერ გვიცავს 100%-ით. აცრა არ ნიშნავს, რომ ინფექციის შეყრის შანსი აღარ არსებობს, თუმცა ნიშნავს, რომ ინფექციის გადატანა თქვენთვის თუ თქვენი გარშემომყოფებისთვის სიკვდილის მომტანი არ იქნება. ამას მოწმობს საქართველოს სტატისტიკაც, სადაც ორჯერ აცრილთაგან კორონავირუსის 0 მსხვერპლი გვყავს.

NEXT.On.ge, UNDP Georgia-სთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და "ფორსეტთან" ერთად ვუერთდებით ვაქცინაციის კამპანიას. ქვემოთ მოცემული ფაქტოგრაფით კი შეგიძლიათ გაეცნოთ დიდ ბრიტანეთში დღიური ახალი შემთხვევებისა და კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის თანაფარდობას.