ორ ბელარუს მწვრთნელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) აკრედიტაცია ჩამოართვა. მიზეზი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც მწვრთნელებმა ბელარუსი სპრინტერი, კრისტინა ტიმანოვსკაია, აიძულეს, თამაშები დაეტოვებინა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

IOC-მა დაადასტურა, რომ არტურ შიმაკმა და იური მაისევიჩმა უკვე დატოვეს ოლიმპიური სოფელიც.

ოფიციალურ განცხადებაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განმარტავს, რომ აკრედიტაციების ჩამორთმევა "დროებითი ზომაა და მიზნად ისახავს იმ ბელარუს სპორტსმენებზე ზრუნვას, რომლებიც ოლიმპიადაზე მონაწილეობას აგრძელებენ".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დისციპლინური კომისია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, ორივე მწვრთნელს კი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცემა.

ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ IOC-თან გადაწყვეტილებების მიზეზების "გასარკვევად" მუშაობს და საკუთარ გუნდს "ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან დაიცავს".

ფოტო: Ernesto Vicinanza / PA

კრისტინა ტიმანოვსკაიასთან დაკავშირებული ამბავი ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც 24 წლის სპორტსმენმა თავისი მწვრთნელების ქმედებები გააკრიტიკა, იგი ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა ძალით წაიყვანეს ტოკიოს აეროპორტში, თუმცა, აქ მან პოლიციელებს მიმართა და მოგვიანებით, იაპონიაში პოლონეთის საელჩოში მივიდა. საელჩომ ტიმანოვსკაიას ჰუმანიტარული ვიზა მისცა, ასე რომ, ახლა სპორტსმენი ბელარუსის ნაცვლად პოლონეთში იმყოფება.

კრისტინა ტიმანოვსკაია იაპონიაში პოლონეთის საელჩოში.

ფოტო: Yuki Iwamura / AFP

ტიმანოვსკაიას თქმით, მწვრთნელებმა მას იმ კატეგორიაში ასპარეზობა აიძულეს, რომლისთვისაც მოუმზადებელი იყო. ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები კი სპორტსმენის ოლიმპიადიდან მოხსნას მისი "ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობით" ხსნიან. აღსანიშნავია, რომ სპრინტერი ერთ-ერთია იმ 2 000 ბელარუსი სპორტსმენიდან, ვინც გასულ წელს ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ღია წერილს ხელი მოაწერა.

24 წლის სპრინტერი დარწმუნებული იყო, რომ ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში მას დასჯიდნენ. ამის საფუძველი ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან, რომ ტიმანოვსკაია პოლონეთში მშვიდობით ჩავიდა. მომხდარს კი ბახმა "სამწუხარო" უწოდა.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენის იძულება, დროზე ადრე დაბრუნებულიყო სამშობლოში, "უსამართლო" და "მიუღებელი" იყო.