თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ თბილსერვისის თანამშრომლების პროტესტი კანონის ფარგლებს სცდება, რადგან თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება და უნიფორმის შეცვლა ისედაც დაგეგმილი იყო.

"მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი და გარკვეული შედეგები უკვე მიღებული გვაქვს, კერძოდ, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა 20%-იანი ხელფასების მატება, უნიფორმები შეძენილია, გარკვეული ტექნიკა უკვე განახლებულია და გარკვეულის ნაწილის განახლებაზე უკვე მოლაპარაკებებიც დასრულებულია და სესხი გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ.

მუნიციპალიტეტმა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სად რა მდგომარეობა გვაქვს ტექნიკის განახლების საჭიროების კუთხით, შესაბამისად, მე პირადად ვთვლი, რომ ამაზე შეხსენება ჩვენ არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ თითეულ მათ პრეტენზიაზე წინასწარვე პასუხი გაცემული გვქონდა შედეგების და მოქმედებების კუთხით სამსახურს, მაინც ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას", — განაცხადა მან.

დღეს, 6 აგვისტოს თბილსერვისის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულებას ითხოვდნენ. თანამშრომლები საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, მათ შორის, მძიმე მდგომარეობაშია დასუფთავების მანქანები, უნიფორმები და ნაგვის ურნები.