აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, რეფორმებში დახმარებას ჰირდება და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს დახმარებით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. ჯო ბაიდენის წერილი სომხურ მედიაში ფაშინიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

წერილში ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო შედეგებზე და აღნიშნულია, რომ აშშ მოხარული იქნება, დაეხმაროს სომხეთს ისეთი რეფორმების გატარების ძალისხმევაში, როგორიცაა ახალი საპატრულო პოლიციის და ანტიკორუფციული ინსტიტუტების შექმნა.

ასევე აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კონტექსტში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამავლობის როლზე, რომლის ფარგლებშიც მოხერხდა, აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყვეები გაეთავისუფლებინა.

"იმედოვნებთ, რომ ამ სფეროში ჩვენ მიერ საქართველოს დახმარებით მიღწეული პროგრესი მომავალში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ განხილვებთან ერთად", — წერს ჯო ბაიდენი.

12 ივნისს აზერბაიჯანულმა მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე თბილისის შუამავლობით გაათავისუფლა და ისინი საკუთარ ქვეყანაში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ.