აგვისტოს ომის 13 წლისთავის შესრულებამდე ორი დღით ადრე რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მზადყოფნაზე საუბრობს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

მოკლე განცხადებაში ჯერ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი "დანაშაულებრივ რეჟიმად" არის მოხსენიებული, შემდეგ უერთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ "თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს". თუმცა, ამ განცხადებაში არც დეოკუპაციაზეა რაიმე ნათქვამი და არც სხვა რაიმე პირობებზე, თუ როგორ უნდა ურთიერთობების გაუმჯობესება. პოსტში გამოქვეყნებულ რუკაზე კი საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ისევ ეწინააღმდეგება.

"რუსეთს არასოდეს გაუთანაბრებია მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ქართველ ხალხთან.

ჩვენ მზად ვართ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები იმ დონემდე, რამდენისთვისაც მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს", — წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ალეკსანდრ ბიკანტოვი.

ამ განცხადებას კი წინ რუსული პროპაგანდის პოსტი უძღვის, სადაც ისევ ის არის ნათქვამი, რომ, თითქოს, ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთმა სააკაშვილის რეჟიმის აგრესიისგან იხსნა საქართველოს ის ტერიტორიები, რომელიც ახლა თავად აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს, დაუბრუნდეს ომამდელ მდგომარეობას და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დღემდე არ ასრულებს.