პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ითხოვდნენ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტის მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირებმა შეასრულონ.

ისინი, ასევე, მოითხოვენ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების განთავსების დეტალური გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით, ამასთან უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის საჯაროობა, პროფესიული საზოგადოების ჩართულობა.

"პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის მქონე ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების, რესტავრაციისა და მუზეუმში დაბრუნების საკითხს", — აღნიშნულია აქტივისტების განცხადებაში.

მათივე თქმით, სამინისტროს მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კვლევის, ან პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს ეროვნული მუზეუმის, როგორც ერთიანი ინსტიტუციის დაშლისკენ მიმართული გადაწყვეტილება.

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge