— მიდი, მიდი, შენკენ ვართ, ჰო იცი!

— შენი იმედი გვაქვს!

— არ გაჩერდე!

როგორი სასიამოვნო მოსასმენია, როცა ადამიანები გგულშემატკივრობენ, გვერდით გიდგანან და მზად არიან, შენი წარმატება გაიზიარონ! სულ ერთი წამით გაიხსენე მომენტი, როცა თანადგომა დაგჭირდა და მიიღე. სასიამოვნოა, არა? — ჩვენს ოლიმპიელებსაც ძალიან ამხნევებთ გულშემატკივრების კეთილი სურვილები და განცდები.

ოლიმპიური თამაშები ნამდვილი დღესასწაულია: მისი მიზანია, მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ ათლეტებს თავი მოუყაროს და გვაჩვენოს, რამდენი რამ შეუძლია ადამიანის სხეულს შესაბამისი დისციპლინისა და მონდომების პირობებში.

ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება ქვეყნის ღირსების საქმეა და სწორედ ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მოუთმენლად ელიან, რას იზამენ მათი სახელით მოასპარეზე სპორტსმენები.

სამწუხაროდ, ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია ახლო მანძილიდან გაამხნევოს თავისი თანამემამულე, სხვები კი შეჯიბრებებს ეკრანზე ვადევნებთ თვალყურს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნაკლებად ვღელავთ ან ნაკლებად გვინდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება? ცხადია, არა. სწორედ ამიტომ, ჩვენც შეგვიძლია ერთ სახეობაში მივიღოთ მონაწილეობა და მას "შორ მანძილზე გამხნევება" ჰქვია.

1. გაიზიარე და გააზიარე ოლიმპიელების წარმატება

ფოტო: Pari Mammadova / Dribbble

სოციალურ ქსელებში უამრავ ადამიანს ვუყვებით ჩვენს ყოველდღიურ თავგადასავლებს. ჰოდა, წინ რა უდგას ჩვენი ოლიმპიელების შესახებ ინფორმაციის, ვიდეოს, პოსტისა, თუ ემოციის გაზიარებას? რეალურად — არც არაფერი: მათაც გავახარებთ, სხვებსაც გავუზიარებთ სიხარულს და ვიამაყებთ კიდეც. ეს კი სულ მარტივად, ერთი კლიკით ხდება. მიდი, მიდი, Share!

2. გააზიარე ემოციები

ფოტო: Mario Jacome / Dribbble

მართალია, ტოკიოში ოლიმპიადაზე დასწრება შეზღუდულია, თუმცა იმის შესაძლებლობა მაინც გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნიდანვე მოკრძალებულად ვუგულშემატკივროთ სპორტსმენებს. ამიტომაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მეგობრებთან ერთად უყურო ოლიმპიურ თამაშებს და ემოციების გამოხატვის არ მოგერიდოს.

თუ ბარში წასვლას ერიდები, პრობლემა არაა! სახლში ერთად ჩაუჯექით თამაშებს.

თუ მარტო ყოფნა გინდა, არ გაჩერდე! მოიხატე სახე საქართველოს დროშის ფერებში, დროშა შემოიხვიე, ან უბრალოდ გულშემატკივრის პოზა მიიღე, გადაიღე ფოტო, დადე სოციალურ ქსელში და აიყოლიე შენი მეგობრებიც.

3. გაეცანი — გაიცანი!

ფოტო: Rainfall / Dribbble

იცი, რომ ქართველ მიზანში მსროლელი ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე პირველი ქალი ათლეტი გახდა, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მეცხრედ მიიღო მონაწილეობა?!

იცი, რამდენი ოლიმპიური ჩემპიონის სამშობლოა გორი?

გაიგე მეტი ქართველი ოლიმპიელების შესახებ. გაეცანი მათ ისტორიას, დააკვირდი, როგორ ვითარდებოდნენ ისინი ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე, ნახე, რაში ვართ ძლიერი, რამდენი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო გვაქვს მოპოვებული. ამაში კი ჩვენი სტატიები დაგეხმარება.

რაც მთავარია, გაუზიარე ახალი ინფორმაცია შენს მეგობრებს!

4. შეამოწმე შენი ცოდნა და შეეჯიბრე მეგობრებს

ფოტო: Chris Zachary / Dribbble

ახლა, როცა უკვე ქართველ სპორტსმენებზე ბევრი რამ შეიტყვე, დროა, საკუთარი თავიც შეამოწმო და მეგობრებსაც შეეჯიბრო. ამისათვის ეს ორი ტესტი მოგიმზადეთ:

5. გამოიყენე ინსტაგრამ ფილტრი!

შეამოწმე შენი ცოდნა, შეავსე მოკლე ტესტი ინსტაგრამზე, გადაიღე ვიდეო და ატვირთე შენს Story-ში. გააგებინე სხვებსაც, რომ გულშემატკივრების შესაძლებლობები უსაზღვროა.

არ გაჩერდე, საქართველო!