დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ექიმების მიერ აცრაზე უარის თქმა და პაციენტებისთვის მოწოდება, რომ არ აიცრან, არის ე.წ. ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა.

"ეს არის ჩვენი, პირდაპირ გეტყვით, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ანუ იმ ფიცის, რომელსაც ჩვენ ვდებთ, როცა ვამთავრებთ სამედიცინო ინსტიტუტს, ჰიპოკრატეს ფიცს რასაც ეძახიან, მისი ადაპტირებული ვარიანტი, რომელიც დღეს გამოიყენება, ეს არის სწორედ დარღვევა ამ ფიცის.

როცა შენ იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და შველის ძალიან მაღალი პროცენტით; როცა შენ იცი, რომ აცრაზე უკეთესი კაცობრიობას [არაფერი შეუქმნია]; ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არჩენს და პრევენციას უკეთებს გართულებებს, სიკვდილს და ამაზე უარს ამბობს, ეს არის ჩვენი ეთიკური კოდექსის დარღვევა და ამას ჩვენი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა სამედიცინო პერსონალის აცრის სტატისტიკაზეც. მისი თქმით 5 აგვისტოს მონაცემებით, ერთჯერადად აცრილია სამედიცინო პერსონალის 46%, ანუ, დაახლოებით 71 000 ადამიანი.

"დღეს [5 აგვისტო] დილის მონაცემებით, 46% სამედიცინო პერსონალის არის ერთჯერადი აცრით აცრილი. არ გადაგვიმოწმებია ჯერჯერობით ორჯერადი აცრის ბაზაზე, ამასაც გავაკეთებთ, [რომ გავიგოთ] რამდენია სრულად აცრილი. აქედან, ყველაზე მეტი, 64% არის ექიმი და ეს გასაგებიც არის, იმიტომ, რომ ექიმები კარგად აღიქვამენ რა მნიშვნელობა აქვს და რა დაცვა აქვს აცრას; შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი — 45%-ია აცრილი; ექთნები 34% და ყველაზე ნაკლები გვაქვს, 21%, უმცროსი სამედიცინო პეროსნალი, ანუ სანიტრები", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ამბობს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რადგან ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მაგალითი დანარჩენი მოქალაქეებისთვის.