თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა ქართული ოცნება დატოვა და ექსპრემიერ, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

ორკოდაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერები პოლიტიკური ოპონენტების "გაშავებით" უფრო არიან დაკავებული, ვიდრე მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხებით და მათი ქმედებები ემსგავსება ნაციონალური მოძრაობის მიერ 2011-2012 წლებში წარმოებულ დევნის კამპანიას. აღსანიშნია, რომ ეს რიტორიკა აქვს თავად გახარიასაც.

"მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება და ეს ყველაფერი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე, ძალიან დასანანია, რომ ქართული ოცნების ლიდერების ქმედებები ემსგავსება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ 2011-2012 წლებში წარმოებულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას. ის, რაც სამწუხაროდ არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის, რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს", — წერს გიგა ორკოდაშვილი.

ორკოდაშვილის თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე იგი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და პარტიას, ხოლო "განვითარების გზას" გიორგი გახარიას გუნდთან ერთად განაგრძობს.