რომელი სერიალის მაყურებლები არიან ყველაზე გულმხურვალე ფანები? სანამ ამ კითხვაზე გასცემდეთ პასუხს, მანამდე ქვემოთ მოცემულ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელ ამბავს გაეცანით და ისე გადაწყვიტეთ:

ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა ახალი მწარმოებელი კომპანია Avatar Studios, რომელიც კონცენტრირებული იქნება კონკრეტულად იმაზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სერიალის Avatar: The Last Airbender (ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი) სამყარო კიდევ უფრო გაფართოვდეს, შეიქმნას ახალი ფილმები, სერიალები და სხვა თემატური პროექტები.

მათ შორის გეგმაშია ახალი ვიდეოთამაშის წარმოება, სახელწოდებით Avatar Legends, რომლის დაფინანსებაშიც თვითონ ფანებმა მიიღეს მონაწილეობა და გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 16 წუთში $50 000 გადარიცხეს, ერთ დღეში კი უკვე ერთ მილიონ დოლარამდე შეაგროვეს.

16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი გამოვიდა და მისი ერთგული მაყურებლების რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ ერთიორად გაიზარდა: შესაგროვებელი თანხის თავდაპირველი მიზანი $50 000 იყო, მაგრამ 5 აგვისტოს მონაცემებით, თანხა უკვე გადასცდა 2 მილიონ დოლარს, რომელიც 20 000-მდე შემომწირველმა გაიღო.

მომავალი პროექტის Avatar Legends: The RPG აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს ვიდეოთამაში ანიმაციური სერიალების ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი და ლეგენდა კორაზე სამყაროს მოიცავს, სადაც შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოთამაშეს, რომ სასურველი გმირი აირჩიოს და ბოროტების დასამარცხებლად იბრძოლოს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებს სათავეში ავატარის თავდაპირველი შემოქმედები — მაიკლ დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო უდგანან, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში სასიამოვნო სიურპრიზებით კიდევ უფრო ხშირად გაგვაოცებენ.