ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი შესაბამისი ექპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ეროვნულ ბიუროში იმიტომ არ გადაჰყავთ, რომ კოვიდინფიცირებულია. როგორც საფარის იურისტი, ელისო რუხაძე On.ge-ს უყვება, ქალს სხეულზე ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული სიგარეტის ნამწვავები აქვს, თუმცა ამის აღწერა ვერ ხდება.

"დღეში 5 ათასი შემთხვევაა და გამოდის, რომ ამ 5 ათასიდან ვინმე რომ სცემონ, 12 დღე დაზიანებებს ვერ აღწერენ. ანუ ეს მაინც შერჩება მოძალადეს და მთავარი მტკიცებულება ქრება", — ამბობს ის.

იურისტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქალი ძალადობის შემდეგ ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და დაზიანებები ექიმს თავად აღაწერინეს.

"ორჯერ დავრეკეთ თუ სამჯერ. თავიდან სასწრაფო ისედაც ინფორმირებული იყო, რადგან კოვიდინფიცირებულია ეს ქალი, მაგრამ უკვე დილემის წინაშე დავდექით. ფოტოსურათით ვერ აღვწერდით, რადგან ეს არ არის რელევანტური მტკიცებულება. აქ საჭიროა კონკრეტული დოკუმენტაცია, ფორმა ასი, რომელზეც ჩატარდება ექსპერტიზა, ანდა ექსპერტი უნდა მივიდეს და აღწეროს დაზიანებები, ამ ქალს ნაღდი ფულიც არ ჰქონდა, რომ ვინმე ექიმი მოგვეძებნა იმ შუაღამეს და მიგვეყვანა", — განაცხადა მან.

მისი განცხადებით, ეს პრობლემაა, რადგან დაზიანებები, ბუნებრივია, გადავა, ხოლო მტკიცებულებები სახელმწიფოს აღარ ექნება, რაც მისი თქმით, ძალიან კომფორტული ზონაა და ხელშეწყობაა მოძალადეებისთვის.

საფარის წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ შემთხვევის შესახებ გუშინ, 4 აგვისტოს საკუთარ ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რეაგირებას ვერ ახდენდა მხოლოდ იმიტომ, რომ მსხვერპლი კოვიდინფიცირებული იყო, ხოლო სავარაუდო მოძალადე, მისი კონტაქტი. როგორც რუხაძე გვიყვება, სიტუაცია მხოლოდ ამ პოსტის შემდეგ შეიცვალა.

"გუშინ გავუწიეთ სრულყოფილი კონსულტაცია და ვუთხარით, რომ აუცილებლად უნდა დაერეკა 112-ში. 112-ისგან იყო უკუკავშირი, გამომძიებელმა მას დაურეკა, დაახლოებით, 7 საათზე. თავიდან ამბობდნენ, რომ შემაკავებელს ვერ გამოსცემდნენ, შემდეგ შეიცვალა პოზიცია. მსხვერპლმა, რა თქმა უნდა, დაჟინებით მოითხოვა ელექტრონული სამაჯურით უზრუნველყოფა, რაზეც უარი უთხრეს, რადგან კოვიდინფიცირებულია, ხოლო მისი კონტაქტი იყო მოძალადე და ვერ გაუკეთებდნენ", — გვიყვება ის.

ქალი კოვიდ-სასტუმროში მხოლოდ დღეს გადაიყვანეს. გუშინ შესაბამის უწყებებს ძალადობის მსხვერპლი არ განურიდებიათ სახლს, სადაც ყოფილი ქმრის მისვლის რისკი არსებობდა.

"ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ქალი მეუბნებოდა, რომ ეშინოდა მარტო დარჩენის, შეიძლებოდა, ნებისმიერ დროს მოვარდნილიყო ეს მოძალადე, მას ჰქონდა სათადარიგო გასაღები და ძალადობის მსხვერპლი ქალი ღამის პირველ საათზე მთხოვდა შველას, რა გავაკეთოო", — ამბობს ის.

On.ge დაუკავშირდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსაც. უწყებისგან ამ კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია, თუმცა როგორც იქ აცხადებენ, ზოგადად აღნიშნულ კვლევებს სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით აწარმოებენ.

"სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური პირების ამბულატორიულ (ვიზუალური) შემოწმებას მათ შორის კოვიდ ინფიცირებული პირების შემთხვევაში კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ახორციელებს, როგორც თბილისში, ასევე ბიუროს რეგიონულ ოფისებში კერძოდ, დასავლეთ საქართველოს (ქუთაისი), აჭარის (ბათუმი), ქვემო ქართლის (რუსთავი), კახეთის (გურჯაანი), შიდა ქართლის (გორი) და სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე).

ბიუროს ექსპერტები აღნიშნულ კვლევებს აწარმოებენ სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით, რათა დაცულ იქნას როგორც გამოსაკვლევი პირის ასევე ბიუროს პერსონალის უსაფრთხოება", — აცხადებენ იქ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, გამოწერილია შემაკავებელი ორდერიც.