როგორც New Scientist იუწყება, აშშ-ს საზღვაო ძალებში უეკიპაჟო საჰაერო ხომალდზე მუშაობენ, რომელსაც ჰაერში გაჩერება 90 დღის მანძილზე შეუძლია, ენერგიით კი მას თითოეულ ფრთაზე დამაგრებული მასიური მზის პანელები მოამარაგებენ.

ხომალდი, რომელსაც Skydweller (ცაში მობინადრე) ეწოდება და რომელიც ამერიკულ-ესპანურმა აეროკოსმოსურმა კომპანია Skydweller Aero-მ შექმნა, საზღვაო ძალებს საშუალება მისცემს, რამდენიმე თვის მანძილზე, გემების თანხლებით მუდმივად ადევნონ თვალი მიმდებარე საზღვაო ტერიტორიებს ჰაერიდან. განახლებად ენერგიაზე მომუშავე ხომალდების მიმართულებით ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.

თვითმფრინავი Solar Impulse 2-ის მიხედვითაა აგებული — მზის ენერგიაზე მომუშავე ეკიპაჟიანი თვითმფრინავის, რომელმაც მსოფლიოს 2015 და 2016 წლებში შემოუფრინა. კომპანიამ მისი დიზაინის შეცვლისთვის მის ინტერიერს პილოტის ადგილი მოაშორა, რამაც მათ ტვირთისთვის მეტი სივრცის გამოყოფის, ასევე გარკვეული განახლებებისა და შესწორებების შეტანის საშუალება მისცა.

მიღებულ თვითმფრინავს აქვს 71 მეტრი სიგანის ფრთა და დაფარულია 270 კვადრატული მეტრი ფოტოვოლტური უჯრედებით, რომლებიც 2 კილოვატამდე ენერგიას გამოიმუშავებენ. Aviation Today-ის მიხედვით, მასზე შესაძლებელია 360 კილოგრამი წონის რადარისა და კამერის აღჭურვილობის განთავსება.

"ამჟამად ჩვენს გეგმას მივყვებით და ხომალდის ფუნქციურად დამოუკიდებელი ფრენის შემდეგ, ასევე ავტონომიური აფრენისა და დაშვების, საბოლოოდ კი სრული ავტონომიური ფრენის შემოწმებებისთვის ვემზადებით", — განუცხადა New Scientist-ს Skydweller Aero-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ მილერმა. "მას შემდეგ, რაც იგი ამ შემოწმებებს გაივლის, გადავალთ გრძელვადიან ტესტირებაზე და ხომალდს 90 და მეტდღიან შემოწმებაზე გავუშვებთ".

აშშ-ს საზღვაო ძალებში ახლა დიდი ზომის დრონებით მუშაობენ, რომლებსაც ჰაერში გაჩერება მხოლოდ 30 საათის მანძილზე შეუძლიათ საზღვაო პატრულირების დროს. აქედან გამომდინარე, ხანგრძლივ მისიებზე უფრო გრძელი ფრენები, შესაძლოა, განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს.

კომპანია ასევე გეგმავს SkyDweller-ის მოდიფიცირებას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მასში წყალბადის საწვავის გამოყენება პერფორმანსის გასაზრდელად, ან სარეზერვოდ, ღრუბლიანი ამინდის შემთხვევაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.