ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), რომელიც 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ ხელისუფლება თავს იკავებს ძალადობის ორგანიზების ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან.

"სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დაწყებულა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი დევნა", — აცხადებენ HRC-ში.

უფრო მეტიც, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენელთა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორთა რიტორიკა ერთმანეთის მსგავსია.

"ხშირად, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნებისა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების რიტორიკა იდენტურია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პროვოცირებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდას", — ვკითხულობთ HRC-ს განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში ამჟამად 5-6 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების 16 საქმეა, მათ შორის, 9-ს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორთა დადგენას, ასევე, დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას;
  • ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო, მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება;

  • უზრუნველყოს მულტიფრაქციული საპარლამენტო კომისიის შექმნა და გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით გაზარდოს პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიება წარმართონ სრულყოფილად და ობიექტურად როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა, ისე უწყების თანამდებობის პირებისა და რიგითი პოლიციელების ქმედბების შესაფასებლად.