ქაბულში, ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლთან ტერაქტი მოხდა, რასაც სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით, 20 ადამიანი დაშავდა. ასევე ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქაბულში ტერაქტის პირველი შემთხვევაა. ე.წ. მწვანე ზონის ახლოს, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა, შეიარაღებულმა პირებმა ჯერ ბომბი ააფეთქეს, რომელიც მანქანაში იყო ჩამონტაჟებული და შემდეგ ცეცხლი გახსნეს. ტერაქტის დროს თავდაცვის მინისტრი სახლში არ იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრების ევაკუაცია უსაფრთხოდ განხორციელდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა CNN-ს განუცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურმა ოთხი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხა.

CNN წერს, რომ ტერაქტს რამდენიმე საათით უსწრებდა ავღანეთის არმიის მიმართვა სხვა ქალაქების მოსახლეობისადმი, რომ თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებამდე ევაკუაცია განეხორციელებინათ. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე უცხოურმა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს, სხვადასხვა ქალაქში შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს.

ტერაქტიდან მალევე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თუმცა, იმუქრებიან, რომ მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ კიდევ მეტი თავდასხმა განხორციელდება.

გაეროს უშიშროების საბჭომ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ფოტო: CNN