საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაზე, On.ge-ის განუცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია:

"ჩვენ თავს ვწირავდით სააკაშვილის მიერ ფაშისტურ ორგანიზაციასთან ბრძოლას. თქვენ მეკითხებით რატო ვწირავდი? მე თუ კანონი დავარღვიე, მაშინ ადამიანები დამელაპარაკებიან და დამიმტკიცონ, რომ კანონი მაქვს დარღვეული".

TI - საქართველოს კვლევის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა პაპუაშვილის მიერ პარტიისთვის გაღებული 45 000 ლარი, მისი წლიური წმინდა შემოსავლის 184 პროცენტს წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, პაპუაშვილის წინა წლის შემოსავალი 78 885 ლარი იყო, საიდანაც მან 36 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხის მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 23 984 აშშ დოლარი გადაიხადა. შედეგად, პაპუაშვილის წმინდა შემოსავალი 24 442 ლარი იყო.

ზაზა პაპუაშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ტენდენციურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი მისთვის ავტორიტეტულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს:

"არ არის საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩემთვის ის ავტორიტეტული დაწესებულება თუ რაც არის. იგი არაკეთილმოსურნეა ქვეყანაში განვითარებული კარგი ტენდენციების, ეს არის ორგანიზაცია რომელსაც უნდა სანახაობრივი, რაღაც ცეცხლწაკიდებული საქართველო გააშუქოს, მე მაშინაც ირონიით ვუყურებდი მაგ ქმედებას".