პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არის მედიასთან სასაუბროდ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ბოლო პერიდოში ის თავს არიდებს კონკრეტულ მედიებთან კომუნიკაციას, პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ ყველა დაძახებაზე ვერ გააკეთებს კომენტარს.

"მე მინდა, პირველ რიგში, გითხრათ, რომ მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშაო თქვენთან ერთად. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ყველას ასეთი ინტერესისთვის. მე არ ვეთანხმები თქვენს შეფასებებს, რომ გავიქეცი და ა.შ. მე ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ, ყოველთვის თქვენს დაძახილზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს", — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული პროტესტის საპასუხიდ მმართველი პარტიის ლიდერები კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ პასუხობენ.

17 ივლისს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს სამი ტელეკომპანია — მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა. ღონისძიებაზე მიწვეული არ იყო არც ონლაინმედია. On.ge-მ მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ სამ არხს "კითხვებზე პასუხები არ აინტერესებს" და ისინი მუდმივად "დესტრუქციულად" იქცევიან.

გაიგე მეტი: