Apple-მა App Store-დან ამოიღო Tinder-ის მსგავსი აპლიკაცია Unjected, რომლის მთავარი მიზანიც ანტივაქსერებისათვის უსაფრთხო, სასაუბრო, სამეგობრო და გასაცნობი სივრცის შექმნა იყო. Apple-ის თქმით, აპლიკაცია ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ შემუშავებულ პოლიტიკას კორონავირუსისადმი და ასევე, ის App Store-ის შემოწმების პროცესის გვერდის ავლით მოხვდა აპლიკაციებს შორის, რაც ასევე დარღვევაა.

Apple-მა Unjected-ის წინააღმდეგ ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ბლუმბერგი დაუკავშირდათ. გამოცემამ შაბათს გამოაქვეყნა ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან გუგლი და ეფლი კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას. Apple-მა შაბათს Gizmodo-ს დაუდასტურა, რომ Unjected თავიანთი მაღაზიიდან წაშალეს.

Google-მა Unjected-ის დეველოპერები გააფრთხილა, რომ მათი აპლიკაცია, სადაც ეწერა, რომ ვაქცინები ცვლიან გენეტიკურ კოდს და შეიცავენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებულ მიკროჩიპებს წაიშლებოდა, რადგან ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება იყო.

დეველოპერებმა ეს ტექსტები აპლიკაციიდან გააქრეს, თუმცა Bloomberg-თან საუბრისას მათგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ამ ტექსტების გამოჩენას ისინი ისევ გეგმავენ. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, სავარაუდოდ აპლიკაცია Play Store-დან გუგლიც წაშლის.

როგორც ბლუმბერგი ყვება, ანტივაქსერებისათვის განკუთვნილი გასაცნობი აპლიკაცია მაისში გაეშვა, მას შემდეგ, რაც Tinder-მა ამერიკის თეთრ სახლთან თანამშრომლობით მომხმარებლებს ვაქცინაციისკენ მოწოდება დაუწყო.