ანჩისხატის გადაცემის მოთხოვნით საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. წერილის ადრესატია კულტურის მინისტრიც, თეა წულუკიანი. ამის ამსახველ წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

წერილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წინაშე დიდი ხანია, ხატის გადმოცემის საკითხს აყენებენ, რაზეც მათი განცხადებით, "მზაობა ყოველთვის იყო", თუმცა არსებობდა მისი დაცვისთვის სათანადო პირობების შექმნის მოთხოვნა.

პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა ამ მხრივ სამუშაოები ჩაატარა და ანჩისხატის ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი დამონტაჟდა.

ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო" მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცლება. როგორც უწყებაში თქვეს, მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია ხელოვნების მუზეუმის დანგრევასთან დაკავშირებით, რასაც სამინისტრომ სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ "სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ".