NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მისცეს რეკომენდაცია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, შეზღუდვები დაწესდეს. კერძოდ, გამყრელიძის თქმით, ნებისმიერი თავშეყრის ადგილებში უნდა დაუშვან მხოლოდ ორჯერ აცრილები ან გატესტილები.

"ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრის, ან პისიარ, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ. თუ ყველაფერი ეს და კიდევ რამოდენიმე იყო ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადება, არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში. იმიტომ რომ ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს და ყველა ინდიკატორით, ეს არის ინციდენტობის ინდიკატორი, ეს გახლავთ დადებითობის მაჩვენებელი, ეს გახლავთ სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე არის ყველა იმის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში მაქსიმალურად", — ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე ასევე განაცხადა, რომ გასცა რეკომენდაცია გარე სივრცეებში პირბადის ტარების წესის დაბრუნებაზე და ხუთზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაზე.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 895, ხოლო გარდაიცვალა — 34 ადამიანი.