მეთ დეიმონმა პირველ აგვისტოს Sunday Times-თან გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა ჰომოფობიური ტერმინის გამოყენება: მისი თქმით, "თვეების წინ", როცა ხუმრობაში ცნობილი დამამცირებელი სიტყვა გამოიყენა, შვილმა მიანიშნა, რომ ეს მიუღებელი იყო.

"ამ სიტყვას ჩემს ბავშვობაში ხშირად იყენებდნენ, ოღონდ სხვა მნიშვნელობით. ჩემი შვილი თავის ოთახში წავიდა და ძალიან გრძელი და შესანიშნავი წერილი დამიწერა იმის შესახებ, თუ რამდენად დამაზიანებელი სიტყვაა ეს. მაშინ ვთქვი: 'აღარ გამოვიყენებ პ*დარასტს'. ყველაფერი გავიგე", — აღნიშნა მან ინტერვიუში.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამ განცხადების გამო მეთ დეიმონი, რომელმაც 2017 წელს ბოდიში მოიხადა სექსუალური ძალადობის "განსხვავებულ ქცევად" შეფასების გამო, კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

ცნობილმა ღიად ბისექსუალმა კომიკოსმა, მსახიობმა და ოსკაროსანმა რეჟისორმა ტრევონ ფრიმ ტვიტერის პირად ანგარიშზე დაწერა:

"ესე იგი, მეთ დეიმონმა ბავშვის წერილის დამსახურებით მხოლოდ "თვეების წინ" აღმოაჩინა, რომ მან არ უნდა გამოიყენოს სიტყვა პ*დარასტი. თვეების წინ. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ".

მოგვიანებით დეიმონმა დამატებით განმარტა თავისი განცხადება და ხაზი გაუსვა იმას, რომ თავის "პირად ცხოვრებაში" არასდროს იყენებდა ამ დამამცირებელ ტერმინს.

"აღვნიშნე, რომ ეს სიტყვა გამოყენებული იყო ჩემი 2003 წლის ფილმის დიალოგში. მე და ჩემმა შვილმა კი ჩემს ადრინდელ გამოცდილებაზე ვისაუბრეთ, როცა ჩემს ბავშვობაში ამ ტერმინს ყველა თავისუფლად იყენებდა და ის ამის გამო აღშფოთებული იყო. პირადად არასდროს არავისთვის მიწოდებია პ*დარასტი. მე მხარს ვუჭერ LGBTQ+ პირებს", — განაცხადა მან.

ეს 50 წლის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც 1998 წელს ოსკარის ჯილდოც მიიღო ფილმში Good Will Hunting (ჭკვიანი უილ ჰანტინგი) შესრულებული როლით, წარსულშიც გაუკრიტიკებიათ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული კომენტარების გამო. 2015 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გეი მსახიობები უკეთესი შემსრულებლები იქნებიან, თუ თავიანთ პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებენ. თუმცა მოგვიანებით ელენ დეჯენერესის შოუში თქვა, რომ "არასწორად გაუგეს".

"მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მსახიობები უფრო შთამბეჭდავები არიან, როცა მისტიკურები არიან, ხომ გესმის?", — უთხრა მან ელენს.

წელს მეთ დეიმონის მონაწილეობით რამდენიმე ახალი ფილმი გამოდის, მათ შორის ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რიდლი სკოტის ახალ კინოსურათში The Last Duel (უკანასკნელი დუელი), რომელშიც ასევე თამაშობენ ადამ დრაივერი და ჯოდი კომერი.