2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა — ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ მოახდინა. ფასები გაზრდილია ჯანდაცვის სექტორშიც, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების სფეროშიც და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზეც.

შეგახსენებთ, რომ ივნისში წლიური ინფლაციის დონე 9,9% იყო, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%. ინფლაციის დარეგულირების მიზნით, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა, ხოლო ივნისში ეს მაჩვენებელი ამავე დონეზე დატოვა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, 125 ათასამდე მომხმარებელს სესხის საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში 2021 წლის ბოლოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,4% იქნება, ხოლო მიმდინარე წლის ინფლაციის საშუალო დონე 7,3%-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.