პრორუსული პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოში არსებული "პოლიტიკური ვითარების განსამუხტად" მიმართავს. ღია წერილში პრორუსული პარტიის წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ და შექმნილ სიტუაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ.

"განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!", — ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილს თან 42 ადამიანის ხელმოწერა ერთვის, რომელთა ნაწილი ყოფილი სახმედროა, ნაწილი კი ყოფილი პარლამენტარი, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსის წევრები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიოტთა ალიანსი ღიად აფიქსირებს თავის პროპუტინისტურ პოლიტიკას. 2012 წელს შექმნილი პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომლის ლიდერებიც აგვისტოს ომის შემდეგ იყვნენ, როგორც ოკუპანტ ქვეყანაში, ასევე, ოკუპირებულ რეგიონში. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული მისიითა" და მოლაპარაკების სურვილით იყო განპირობებული.

პატრიოტთა ალიანსი ღიად ესხმის თავს დასავლურ ინსტიტუტებს, ყველაზე ხშირად კი NATO-ს, NDI-სა და IRI-ს უპირისპირდება. დისკრედიტაციის კამპანიის მოტივად პარტიის ლიდერები საკვლევი ორგანიზაციების "არაზუსტ მონაცემებს" ასახელებენ და თავად ატარებენ პროპაგანდისტულ კვლევებს.

ალიანსის განცხადებებში განსაკუთრებით შეინიშნება ანტითურქული რიტორიკა. რეალური მტრიდან ისრების გადატანის მიზნით, პარტიის ლიდერები დეზინფორმაციული კამპანიებით სტრატეგიულ პარტნიორს მტრად წარმოაჩენენ და ანტითურქულ პოსტებს არეკლამებენ.

ალიანსში ამტკიცებენ, რომ მათი მიდგომები ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა სხვადასხვა ავტორიტარული გამოცემა მათ ხშირად ადანაშაულებს კრემლიდან დაფინანსებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში